შპს “ოკ ინთერნეიშენალ ფოსტ” (შემდგომში „ოკი ფოსტა“) ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით;
კომპანიის მისამართია: თბილისი, ალ. თბილისი, სულხან ცინცაძე 58. ტელ.: 032 2 121 888;
ვებ. გვერდი: www.okipost.com;
ელ-ფოსტა: info@okipost.com.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კომპანიის სხვადასხვა ქვეყნების საწყობებიდან შემკვეთის მიერ ამ საწყობებში გადაგზავნილი ამანათების საქართველოში ტრანსპორტირება. აგრეთვე, საქართველოდან სხვადასხვა მიმართულებით ამანათების/დოკუმენტების გადაზიდვა (ექსპორტი). ამანათების ტრანსპორტირება ხორციელდება კომპანიის სახელით და შემკვეთის ხარჯზე; კომპანიის სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, კომპანიის ვებ გვერდზე www.okipost.com რეგისტრაციის გავლის შემდგომ. თუმცა, საქართველოდან გაგზავნის სერვისით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია კომპანიის ვებ გვერდზე რეგისტრაციის გარეშეც. რეგისტრაცია უფასოა. ვებ-გვერდზე რეგისტრაციით, რეგისტრირებული პირი ადასტურებს, რომ გაეცნო ხელშეკრულების პირობებს და ეთანხმება მას; შემსრულებელს უფლება აქვს წინამდებარე ხელშეკრულების საგნით გათვალისწინებული მომსახურების განსახორციელებლად გააფორმოს ხელშეკრულებები მესამე პირებთან; მხარეებს შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლა ხორციელდება მომხმარებლის მიერ შეძენილი ამანათის უცხო ქვეყნის (ჩინეთი, აშშ, გერმანია) საწყობში მისვლისა და პირად პროფილში ასახვის დღისთვის არსებული კომერციული ბანკების დოლარის შესყიდვის კურსით ლარში, ხოლო საქართველოდან ამანათის/დოკუმენტის გაგზავნის შემთხვევაში ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება გაგზავნის დღისთვის არსებული კომერციული ბანკების კურსით. ამანათების ტრანსპორტირების ტარიფები მოცემულია ვებ-გვერდზე www.okipost.com; გადახდა ხორციელება კომპანიის ვებ-გვერდზე www.okipost.com საბანკო პლასტიკური ბარათების მეშვეობით - მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა წინასწარ შეავსოს ბალანსი და დაფაროს ტრანსპორტირების დავალიანება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს აქვს რამდენიმე გზავნილი მიღებული, მას შეუძლია თავად აირჩიოს გზავნილის ტრანსპორტირების საფასურის გადახდისა და მისი გატანის რიგითობა. თუ მომხმარებელს აქვს დავალიანება, შემსრულებელს უფლება აქვს არ განახორციელოს მომსახურება ახალ გზავნილზე ან/და არ გასცეს გზავნილი, მომხმარებლის მიერ არსებული დავალიანების სრულად დაფარვამდე. მომხმარებლის მიერ შემსრულებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება გზავნილის საქართველოში ჩამოსვლიდან 20 (კალენდარული) დღის მანძილზე. ამ ვადის გასვლის შემდგომ მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ტვირთის შენახვის საკომისიო 1 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო 60 დღის შემდეგ ტვირთი გადადის კომპანიის საკუთრებაში და კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი. ექსპორტის შემთხვევაში შემსრულებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება გზავნილის გასაგზავნად შეკვეთის გაფორმების დღეს, ან გზავნილის მიმღებისთვის ჩაბარებისას; ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის საერთო წონის მიხედვით, რეალურ და მოცულობით წონებს შორის მაქსიმალურით; მოცულობითი წონის დაანგრიშება ხდება შემდეგი ფორმულით: სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 (სანტიმეტრებით გაზომვისას). წონის დამრგვალება ხდება 100 გრამის სიზუსტით; საქართველოდან ამანათის/დოკუმენტის გადაზიდვის შემთხვევაში ტრანსპორტირება გამოითვლება ამანათის საერთო წონისა და მომხმარებლის მიერ არჩეული სხვა მომსახურების გათვალისწინებით. დეტალები იხილეთ კომპანიის ვებ. გვერდზე.
სავალდებულოა მომხმარებლის მიერ ყველა იმ ამანათის დეკლარირება (გამომგზავნის დასახელება, გზავნილის კოდის მითითება, იმ ვებ-გვერდის დასახელება საიდანაც შეძენილია ნივთი, ნივთის ღირებულების მითითება, ამანათის აღწერილობა), რომელიც ექვემდებარება განბაჟებას. განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარის ან მეტი ღირებულების, 30კგ ან მეტი წონის ან ერთგვაროვანი საქონელი. ამანათის დეკლარირება ხდება მომხმარებლის პროფილში, ზემოთ მითითებული მონაცემების მიხედვით. ამანათის დეკლარირებისას მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებელი ასევე თავად არის პასუხისმგებელი ტვირთის განბაჟების პროცედურებზე, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიას შეუძლია მომხმარებელს გაუწიოს ფასიანი მომსახურება, გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისთვის; სასურველია მომხმარებელმა წინასწარ განახორციელოს ნივთის დეკლარირება გამომგზავნის მიერ თრექინგ კოდის მინიჭებისთანავე, რათა მის პროფილში წინასწარ აისახოს ამანათის საწყობში შესვლის შესახებ ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ამანათის იდენტიფიცირებას საწყობში შესვლისთანავე და გამორიცხავს იდენტიფიცირებასთან დაკავშირებულ შესაძლო გართულებებს; შემსრულებელი, მომხმარებლის დეკლარაციის მიხედვით, ადგენს საბაჟო დეკლარაციას. საბაჟო დეკლარაციის მომზადება ფასიანია, ღირებულება მოცემულია ვებ-გვერდზე www.okipost.com; მომხმარებელს მზა საბაჟო დეკლარაცია გადაეცემა კუთვნილ ამანათთან ერთად - დეკლარაცია იტვირთება მომხმარებლის პროფილში ან გადაიგზავნება მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე; ბაჟის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის დაბეჭდვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ნებისმიერ ბანკში. აღნიშნული წესი არ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში; საბაჟო პროცედურები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აქედან გამომდინარე, საბაჟო სამსახურების მიერ ამანათის გაჩერების ან/და მომხმარებლის მიერ ინფორმაციის წარუდგენლობის ან სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამანათის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის ან მომხმარებლისთვის სანქციების დაკისრების შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ წარუდგენს პრეტენზიას შემსრულებელს, რომ მას არ ქონდა შესაბამისი ინფორმაცია შემსრულებლისგან კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციებისა და დაწესებული სანქცების შესახებ; მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო საბაჟო სამსახურის ან ფინანსთა სამინისტროს მიერ კომპანიისთვის ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია მსგავსი ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს; საქართველოდან ამანათის/დოკუმენტის გადაზიდვის შემთხვევაში, თუ გზავნილის ღირებულება აღემატება 15 000 ლარს, მომხმარებელი ვალდებულია ატვირთოს დოკუმენტაცია განბაჟებისთვის.
კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ავსებს შემსრულებლის მიერ რეგისტრაციისთვის დადგენილ ფორმას. რეგისტრაციის შემდგომ, მომხმარებელს კომპანიის ვებ–გვერდზე გაეხსნება საკუთარი პროფილი საიდენტიფიკაციო ნომრით; ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ზუსტად უთითებს პირად და საკონტაქტო მონაცემებს. შემსრულებელი არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ არასწორად მოწოდებული ინფორმაციის გამო ზიანის წარმოქმნის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გადადის მომხმარებელზე და შემსრულებელს უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს ზიანის სრულად ანაზღაურება, ზიანის დადგომის შემთხვევაში; მომხმარებელს არ აქვს უფლება შემსრულებელს შეუკვეთოს ისეთი ტვირთის ჩამოტანა, რომლის ტრანპორტირებაც აკრძალულია, როგორც საქართველოს, ასევე იმ ქვეყნების კანონმდებლობით, საიდანაც ხორციელდება ტვირთის ტრანსპორტირება. აკრძალული ნივთების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე; თუ მომხმარებელი, მიუხედავად დაწესებული აკრძალვისა, შემსრულებლის საწყობში მაინც გააგზავნის ასეთი სახის ტვირთს, შემსრულებელს უფლება აქვს არ მიიღოს საწყობში აღნიშნული ტვირთი, ან მიღების შემთხვევაში მოსთხოვოს მომხმარებელს ე.წ. „return label”-ი (ე. წ. უკან დაბრუნების იარლიყი). იმ შემთხვევაში თუ ე.წ. „return label”-ი არ იქნება მომხმარებლის მიერ მოწოდებული 10 დღის ვადაში, შემსრულებელი იხსნის პასუხისმგებლობას უკან გაუგზავნოს აღნიშნული ტვირთი გამომგზავნ კომპანიას ან/და ფიზიკურ პირს და იტოვებს უფლებას აღნიშნული ტვირთი განკარგოს შეხედულებისამებრ; მომხმარებელს ასევე უფლება არ აქვს შემსრულებელს შეუკვეთოს საქართველოდან ისეთი ტვირთის გაგზავნა, რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია, როგორც საქართველოს, ასევე იმ ქვეყნების კანონმდებლობით, სადაც ხდება ტვირთის გადაზიდვა; წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსრულებელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მომხმარებლის მიერ გაწეული ხარჯებისათვის. ასევე, შემსრულებელს უფლება აქვს დააკისროს მომხმარებელს წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება.
მომხმარებლის ამანათების საქართველოში ტრანსპორტირებაზე შემსრულებელი პასუხისმგებელი ხდება შემსრულებლის საწყობში მათი ჩაბარებისა და საწყობში ამანათის მიღების დოკუმენტზე ხელმოწერის მომენტიდან ადრესატისათვის გადაცემამდე; საქართველოდან გზავნილის გადაზიდვის შემთხვევაში გზავნილის ტრანსპორტირებაზე შემსრულებელი პასუხისმგებელი ხდება შემსრულებლის ოფისში მათი ჩაბარებისა და შესაბამისი დოკუმენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერის მომენტიდან ადრესატისათვის გადაცემამდე. საკურიერო მომსახურეობით სარგებლობის შემთხვევაში კი - გზავნილის კურიერისთვის გადაცემის მომენტიდან, რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი ხელმოწერით; შემსრულებელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის ხარისხსა და სახეობაზე. აგრეთვე ისეთ ნივთებზე, რომლებიც მაღაზიის ან/და ფიზიკური პირის მიერ არასათანად არის შეფუთული; შემსრულებელი ასევე არ აგებს პასუხს ჩამოწერილ, შეკეთებულ ან მეორადი მოხმარების ნივთებზე; თუ ამანათს არ აქვს დართული სწორი მონაცემები მომხმარებლის ან/და მაღაზიის მიერ, არ ემთხვევა ან აკლია სხვადასხვა პარამეტრები, შემსრულებელი პასუხს არ აგებს ასეთი ამანათის დროულად მიწოდებასა და მომხმარებლისთვის გადაცემაზე. პროცედურა გახანგრძლივდება გაურკვეველი ვადით ამანათის მიმღების სრულ იდენტიფიცირებამდე; შემსრულებელს უფლება აქვს უარი თქვას მომსახურების გაწევაზე, თუ ტვირთის მახასიათებლები ან მომხმარებლის მიერ მიწოდებული სხვა ინფორმაცია არ არის სრული; შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი ისეთ ამანათზე, რომელსაც არ აღენიშნება შეფუთვის გარეგნული ზიანი, რაც შემოწმებული უნდა იქნას ადგილზე ამანათის ოფისიდან გატანამდე ან საკურიერო მომსახურებისას კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით; საქართველოში გამოსაგზავნ ამანათებთან დაკავშირებით, კომპანიის პასუხისმგებლობა არ დადგება უცხო ქვეყნების (საიდანაც უნდა მოხდეს ამანათების ტრანსპორტირება) შიდა საფოსტო კურიერების მიერ მცდარ მისამართზე ჩაბარებულ ან/და კომპანიის წარმომადგენლის მიერ ხელმოუწერელ ამანათებზე; თუ მომხმარებლის მიერ მართებულად შეძენილი საქართველოში გამოსაგზავნი პროდუქცია წინამდებარე ხელშეკრულების ყველა პირობის დაცვით შესულია შემსრულებლის საწყობში, აქვს შემსრულებლის საწყობის წარმომადგენლის ხელმოწერა და 1 თვის განმავლობაში არ აისახა მომხმარებლის პროფილში, ტვირთი დაიკარგა ან დაზიანდა, შემსრულებელი ვალდებულია მომხმარებელს აუნაზღაუროს დამდგარი ზიანი. ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია მითითებული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას; შემსრულებლის პასუხისმგებლობა არ დადგება შემდეგ შემთხვევებში: ტვირთის დაგვიანებით ჩასვლა/ჩამოსვლისას, თუ ეს გამოწვეულია ავიაკომპანიის მიზეზით; საბაჟო ან/და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მიერ ტვირთის დაკავებისას, კონფისკაციისას, დაყადაღებისას ტვირთის შემცველობის ან/და მომხმარებლის მიერ არასწორად დეკლარირებული დოკუმენტების ან განბაჟების საფასურის გადაუხდელობის გამო; მომხმარებლის მიერ კომპანიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შედეგად დამდგარი ზიანისას;
საკურიერო მომსახურება სრულდება როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. საკურიერო მოსახურების პირობები განსაზღვრულია შემსრულებლის ვებ-გვერდზე www.okipost.com; იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ იმყოფება მის მიერ მითითებულ მისამართზე და/ან ტელეფონს არ პასუხობს, საქართველოში ჩამოსული ამანათი დაბრუნდება ოფისში და მომხმარებელი ვალდებულია ამანათი გაიტანოს კომპანიის ოფისიდან. ამასთან, მომხმარებელს არ უბრუნდება საკურიერო მომსახურებაში გადახდილი თანხა.
თვითმომსახურების ტერმინალი წარმოადგენს ელექტრონულ მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც, მომხმარებელს შეუძლია ამანათის მიღება მასზე სპეციალური 8 ციფრიანი ტერმინალის კოდის აკრეფით; ტერმინალის კოდი იგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებით ე.წ. SMS-ით და ასევე მითითებულია მომხმარებლის პროფილში; მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას სწორად მიუთითოს მობილური ტელეფონის ნომერი, ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში კი უზრუნველყოს მისი განახლება; ტერმინალის 8 ციფრიანი კოდი ეგზავნება მხოლოდ მომხმარებელს და მომხმარებელი პასუხისმგებელია მის კონფიდენციალობაზე ან/და დაკარგვაზე; ტერმინალით ამანათის მიღებისას მომხმარებელს არ სჭირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან ამანათის მიღების ხელმოწერა; მესამე პირის მიერ ამანათის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ამანათის მიმღების ნებართვა და შესაბამისი ტერმინალის კოდი; მესამე პირისთვის ტერმინალის კოდის გადაცემა წარმოადგენს მისი მფლობელის პასუხისმგებლობას. მესამე პირზე ტერმინალის კოდის გადაცემის შემთხვევაში კომპანია არ არის პასუხისმგებელი; ტერმინალში ამანათების მიღებისას პრობლემის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ოპერატორს.
ამანათების გაცემა მოხდება კომპანიის ვებ გვერდზე მითითებული მისამართებიდან.
ექსპორტის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს; ამანათის/დოკუმენტის გასაგზავნად მომხმარებელი ავსებს ექსპორტის ფორმას. ფორმის შევსება შესაძლებელია როგორც კომპანიის ოფისში, ასევე ონლაინ და ტელეფონის მეშვეობით, ოპერატორის დახმარებით; მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თავად მიიტანოს გასაგზავნი ამანათი/დოკუმენტი კომპანიის ოფისში, ან ისარგებლოს საკურიერო სერვისით; დეტალური ინფორმაცია და პირობები საქართველოდან გზავნილის გადაზიდვის შესახებ მოცემულია კომპანიის ვებ. გვერდზე.
მომხმარებელმა შემსრულებლის მოთხოვნით დროულად უნდა მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე უნდა მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად; საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას მომხმარებელმა უნდა გააფრთხილოს შემსრულებელი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე; ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა შემსრულებელმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ისე, რომ კომპანიას არ დაეკისრება ზიანის ანაზღაურების მოვალეობა; მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ მიაწოდოს შემსრულებელს ინფორმაცია ტვირთთან დაკავშირებით, თუ ის შეიცავს სითხეს, ზეთს ან ადვილად მსხვრევად ელემენტებს, სხვა შემთხვევაში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საჩივრები არ განიხილება და არ დგება შემსრულებელის პასუხისმგებლობა; მომხმარებელი ვალდებულია ამანათის მიღებისას გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება და შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე. ასევე, საკურიერო მომსახურებით სარგებლობისას, ამანათის მიღებისთანავე, მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით გახსნას და შეამოწმოს ამანათის შიგთავსი. სხვა შემთხვევაში, დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება და შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე.
კომპანიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ყველა ინფორმაცია და მომსახურების პირობა წარმოადგენს ამ ხელშკრულების განუყოფელ ნაწილს; შემსრულებელი უფლებას იტოვებს მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების წესები და პირობები, ტარიფები, ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება; კომპანია იტოვებს უფლებას მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ამსახველი მონაცემების ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ აუდიო-ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, რაც ასევე ეხება ელ–ფოსტაზე გამოგზავნილ წერილებს, სატელეფონო თუ წერილობით საუბრებს, კომენტარებს სოციალურ ქსელებში და ყველა სხვა მონაცემებს, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს კომპანიის უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა ტიპის დავის წარმოქმნის შემთხვევაში; მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. შემსრულებელი არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე ინფორმაციას გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესისა; მხარეებს შორის ურთიერთობები ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.